logo
ENG



ივანიშვილთან დაახლოების შემდეგ "შპს არალმა" ტენდერებით მილიონობით ლარი მიიღო

22 მაი 202119:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/22/t4snvetbrn98w6v.jpg

სამშენებლო კომპანია არალმა სახელმწიფო ტენდერებით გასული 2 წლის განმავლობაში 125 454 712 ლარი მიიღო, კომპანიასთან მაღალშემოსავლიანი ტენდერების გაფორმება მუნიციპალიტეტებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა კომპანიის მფლობელ ოთარ თათეშვილისგან აბასთუმანში საკუთარი სახლის ასაშენებლად 450 კვ.მ. მიწა იყიდა. 

ოთარ თათეშვილმა, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია, 2011 წლიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით 289 ტენდერში მიიღო მონაწილეობა - აქედან 116-ში გაიმარჯვა. მისმა კომპანიამ 116 ტენდერიდან 46-ში უკონკურენტოდ მოიგო, 26-ში კი მის კონკურენტებს დისკვალიფიკაცია მიენიჭათ. 

შესაძლო კორუფციული გარიგების შესახებ ეჭვებს ისიც ამძაფრებს, რომ ტენდერების ნაწილში მუნიციპალიტეტებმა თეთრაშვილის კონკურენტებს დისკვალიფიკაცია მიანიჭეს, არალისგან კი სერვისი უფრო ძვირ ფასში იყიდეს. 

არც თავად კომპანიას აქვს სანდო რეპუტაცია - 2013 წელს ოთარ თათეშვილი სახელმწიფო ტენდერიდან 130 000 ლარის მითვისების ბრალდებით დააკავაეს, სასამართლომ ის დაკავებიდან რამდენიმე თვეში გაამტყუნა. 

თუმცა, 2018 წლის აგვისტოში თათეშვილმა მმართველ პარტიას 40 000 ლარი შესწირა - ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის მიყიდვიდან რამდენიმე კვირაში თემურ თათეშვილის შვილმა აბასთუმანში ნახევრად ტყით დაფარული, ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 3 883 კვ.მ. ფართობი საკუთარ სახელზე გაიფორმა. 

2020 წლის აგვისტოში კი დემეტრე თათეშვილმა, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ კომანიის დირექტორია, გაფორმებული მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს უკან დაუბრუნა, სანაცვლოდ კი ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებულ სასტუმრო პარაგრაფის და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მახლობლად 4 660 კვ.მ. მიწა მიიღო. 

ასევე, აღსანიშნავია, რომ თათეშვილის კომპანიამ ტენდერების უმრავლესობა მას შემდეგ მოიგო, რაც ბიძინა ივანიშვილს აბასთუმანში საკუთარი მიწა მიჰყიდა - კომპანიის მიერ ტენდერებში მიღებული შემოსავლებიდან 125 454 712 ლარი (ჯამში ტენდერებით მიღებული შემოსავლების 68,9 %) არალმა სწორედ 2018 წლის შემდეგ მიიღო. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა

"შპს არალის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშოების შესახებ რეგიონული მედია ხშირად წერს", - ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშში, - "კომპანიის მიერ დაგებული გზები მალევე დაზიანდა სოფელ ივლიტაში, ჭვინთაში, ბავრაში. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შემსყიდველები თათეშვილის კომპანიას სამუშაოების ჩაბარების ვადას ხშირად უხანგრძლივებენ - 116 ხელშეკრულებიდან ასეთი 22-ია". 

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული კორუფციული გარიგებების შესახებ ანგარიშებს ხშირად აქვეყნებს, "მოუწოდებს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს არალის სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მასსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის".

კომპანია არალის ძირითადი შემსყიდველი საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან. 

  


close დახურვა